ახალი ინიციატივა 

 

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" მიზანშეწონილად მიიჩნევს კერძო სექტორში დამოუკიდებელი აგრო–კომისიის შექმნას, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს შეისწავლის და მისი განვითარების სწორ პოლიტიკას შეიმუშავებს.

კომისია უნდა დაკომპლექტდეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, რომლებიც გაერთიანდებიან ერთი იდეის ირგვლივ, რომელსაც "სოფლის მეურნეობის განვითარება" ქვია. 

ამ კომისიის შექმნა აუცილებლობას წარმოადგენს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა გაპარტახების გზაზე დგას და მიმდინარე პოლიტიკა კიდევ უფრო ართულებს აგრო სექტორის განვითარებას. საქართველო აგრარული ქვეყანა არის და სოფლის მეურნეობის განვითარების  დიდი პოტენციალიც გააჩნია, ამისათვის მხოლოდ საჭიროა ამ დარგის ქვეყნის პრიორიტეტად გამოცხადება და სახელმწიფოს მხრიდან სუფსიდირების განხორციელება.  სოფლის მეურნეობის განვითარება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებსა და გასაღების თავისუფალ ბაზრებს. ამის შემდეგ ყველა დარგი ერთმანეთზე აეწყობა და ნელ ნელა განვითარდება.